პროკურატურა ლაგოდეხში დაღუპული მოზარდის საქმეზე სასამართლოს არ ეთანხმება და ასაჩივრებს

პროკურატურა ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიის დროს დაღუპული მოზარდის, სოფიო ნიკოლეიშვილის საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის 26 მაისს სასკოლო ექსკურსიაზე გულგრილობის შედეგად ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული მასწავლებელი, ნ.ს. დამნაშავედ იქნა ცნობილი 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. მეორე ბრალდებული მასწავლებელი, ვ.ქ სასასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

პროკურატურის განცხადებით, მასწავლებლებისთვის ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას, მიუხედავად ამისა, ნ.ს. მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, გამოიჩინა გულგრილობა და მოსწავლეებს ნება დართო სვლა გაეგრძელებინათ ნინოსხევის ჩანჩქერის მიმართულებით, თავად კი ჩანჩქერზე არ ავიდა, ხოლო პედაგოგმა ვ.ქ.-მ ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, რომ საფრთხე არსებობდა, იმ საფუძვლით, რომ კარგად იცნობდა მიმდებარე ტერიტორიას და არაერთხელ იყო ნამყოფი, თავად აიღო პასუხისმგებლობა გასძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და აეყვანა ჩანჩქერზე.

"პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი შევიდა ჩანჩქერის სწრაფ დინებაში და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია". – აცხადებს პროკურატურა.

კომენტარები