ქართული ოცნება

ჩხარტიშვილი: არასოდეს ყოფილა ეჭვქვეშ მტრით გარშემორტყმული ქართველების სტუმართმოყვარეობა

გივი ჩხარტიშვილი
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების მიმართ სტუმარ-მასპინძლობის მოწოდება ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძლით ახსნა. 

მისი თქმით, რუსეთი ოკუპანტია და რუსეთს ქართველების სისხლი მართებს, მაგრამ ამის გამო ქართული სტუმართმოყვარეობა ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა. 

"ნაცმოძრაობა და მისი ტელვიზიები დროს არ კარგავენ შექმნან ფეიკ ამბები პროვოკაციებისთვის. ახლა საკრებულოს სხდომაზე ჩემი განცხადება ამოუღიათ მიზანში. ცდილობენ, სხვა შინაარსი შესძინონ - მტერთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებსო.

არა და არა ბატონებო

რუსეთი ოკუპანტია

დიახ, რუსეთი კლავს

და სწორედ თავისუფლებისთვის საუკუნეების განმავლობაში მებრძოლი ჩვენი ხალხის სიბრძნეა ისიც, რაც ვაჟამ ერთ ფრაზაში ჩაატია - დღეს, სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.

მართებს რუსეთს ჩემი სისხლი!

დიახ, რუს აგრესორებთან ბრძოლას, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, რომლის საფლავიც დღემდე არ გვაქვს.

თითოეული გმირის სისხლი მართებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა!.

ჩვილების, ბავშვების, ქალების, მოხუცების სიცოცხლე მართებს, ვინც 1991 წლიდან რუსულ ჭურვებს, ნაღმებს, ტყვიებს შეეწირა.

მაგრამ, არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ ის, რაც ვთქვი - საუკუნეთა განმავლობაში მრავალი მტრით გარშემორტყმული საქართველოს და ქართველი ერის სტუმართმოყვარეობა! მიუხედავად იმისა, რა ეროვნების იყო სტუმარი.

სწორედ ეს ვთქვი

რადგან ვერ დავემსგავსებით იმ ქვეყანას, იმ ერს, რომელმაც 2006 წელს მის მიწაზე სტუმარი ქართველები სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევა. ეს დევნა ბევრს დაუჯდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად.

თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, ოკუპანტის მიზანიც მიღწეულია - დაგვიმგვანოს.

და რადგან ქართველობა და ღირსება გაცილებით მეტია მხოლოდ ერთს ვიტყვი,

ვწუხვარ ჩემი ოპონენტების გამო, რომლებიც ასე, მცირე-მცირე პროვოკაციებით და ტყუილებით ცდილობენ დიდი ზვავის აგორებას. და ისე დააბრმავა პოლიტკურმა სიბრაზემ და უმწეობამ, მიდიან ყველაფერზე, თუნდაც ამ ზვავმა მთელი ქვეყანა დაიტანოს".- წერს FACEBOOK-ზე ჩხარტიშვილი. 

საკრებულოს დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე საუბრისას მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და თავმდაბლობის გამოჩენისკენ მოუწოდა. ჩხარტიშვილმა საკრებულოს სხდომაზე მოძრაობა სირცხვილია და ნაციონალური მოძრაობა ამ საკითხზე "პროვოკაციულ პერფორმანსებში" დაადანაშაულა.

9 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა გირჩი – მეტი თავისუფლების დეპუტატის, ცოტნე კობერიძის გამოსვლას, რომელმაც ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ანტიდასავლური რიტორიკისა და რუსეთის მოქალაქეების შესახებ სიტყვების გამო გააკრიტიკა.

"რატომღაც კობახიძეს არასდროს გული არ შესტკიოდა, როცა ადამიანებს ამ ქვეყანაში არ მოსწონდათ ირანელები ან თურქები, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა, როდესაც ამ ქვეყანაში ხალხს არ მოსწონს თავისი მტერი – რუსები. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ კობახიძე ერთ პაკეტში ხედავს რუსებთან, ამ განწყობებთან საკუთარ თავს. მან იცის, რომ ძალიან ჰგავს მისი პარტია რუსეთს და ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში იმართება. ძალიან კარგად იცის, რომ მის ბელადს რომ ურეკავენ, ვიღაც მისტერ ბორიას კი არ ეუბნება, ბორინკათი მიმართავს და იცის, რომ ბორინკას პარტიიდან არის. ჩემი აზრით, ძალიან კარგად ხვდება, რასაც რიჟვაძე ამბობს – ლიბერასტებოო, ყოველდღე რომ გაიძახის რუსულ ფრაზას, ამ ნარატივში რომ ზის, დასავლეთს რომ ლანძღავს". – თქვა კობერიძემ.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საზღვარი 156 737-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემზე 5-ჯერ მეტი, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის სტატისტიკასთან შედარებით 3 000-ით ნაკლებია.

 სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილს სომხეთის (2022 წლის ივლისში – 103 906 ტურისტი შემოვიდა), ხოლო მესამე ადგილს თურქეთის მოქალაქეები (2022 წლის ივლისი – 95 989) იკავებენ. 

 

კომენტარები