დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

სარაკეტო იერიშის ფონზე, საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო, ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ფონზე, ქართველი მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს და მათ საგანგებო სიტუაციაში დაწესებული ნორმების შესახებ აფრთხილებს. 

"ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ,

6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

  • ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:

ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.

სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

  • უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
  • შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.
  • საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებენ, რომ იერის პასუხად დაიწყეს საჰაერო თავდასხმების ახალი ტალღა ისლამური ჯიჰადის საწარმო ობიექტებსა და საწყობებზე.

დღეს, 5 აგვისტოს ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისლამური ჯიჰადის საფრთხის გამო ღაზას სექტორის დაბომბვას იწყებდნენ. შეტაკებისას დაიღუპა ისლამური ჯაჰადის ერთ-ერთი ლიდერი. 

საჰაერო თავდასხმა ისრაელსა და ღაზას საზღვარზე დაძაბულობის ფონზე მოხდა: ისრაელის სამხედროებმა 2 აგვისტოს ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მმართველი, ბასამ ალ-საადი ქალაქ ჯენინში, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს. დაკავების გამო შურისძიებით ისლამური ჯიჰადი საჯაროდ დაიმუქრა. ისრაელის ოფიციალურმა პირების ცნობით,მათ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჯგუფი გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამხედრო და სამოქალაქო მანქანებზე თავდასხმას. 

კომენტარები