დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში თავდასხმისას ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის შედეგად ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაცია ისლამურმა ჯიჰადმაც დაადასტურა.

ჯაბარიმ ჩრდილოეთ ღაზის მართვა 2019 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც მაშინდელი ხელმძღვანელი, ბაჰა აბუ ალ-ატა ისრაელმა მოკლა. 

საჰაერო თავდასხმა ისრაელსა და ღაზას საზღვარზე დაძაბულობის ფონზე მოხდა. ღაზას სამედიცინო უწყების ცნობით, ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის გოგონა, და დაიჭრა - 20-ზე მეტი. IDF-ის თქმით კი ოპერაციის შედეგად 10-დან 20-მდე ტერორისტი მოკლეს.

ისრაელის სამხედროებმა 2 აგვისტოს ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი მმართველი, ბასამ ალ-საადი ქალაქ ჯენინში, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს. 

დაკავების გამო შურისძიებით ისლამური ჯიჰადი საჯაროდ დაიმუქრა. ისრაელის ოფიციალურმა პირების ცნობით,მათ ჰქონდათ სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ჯგუფი გეგმავდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით სამხედრო და სამოქალაქო მანქანებზე თავდასხმას. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, ისლამური ჯიჰადის საფრთხის გამო ღაზას სექტორის დაბომბვას იწყებდნენ. მანამდე თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა აღნიშნა, რომ ისრაელი ზომებს მიიღებდა, თუ დაჯგუფება ლიდერის დაპატიმრების საპასუხო თავდასხმაზე ხელს არ აიღებდა. 

მოსალოდნელი თავდასხმის გამო, ისრაელის ყველა სოფელმა ღაზას სექტორთან საზღვრები ჩაკეტა. IDF-ის წარმომადგენლის თქმით, მოსალოდნელია, რომ რაკეტებს ცენტრალური ისრაელის, მათ შორის თელ-ავივის მიმართულებითაც, გაისვრიან.

მოსალოდნელი საფრთხის გამო, IDF-მა "განსაკუთრებული სიტუაცია" გამოაცხადა: ღაზადან 80 კილომეტრით დაშორებულ რაიონებში შეკრება შეზღუდულია, ხოლო საზღვრის მახლობლად მდებარე რაიონებში მცხოვრებლებს საომარ თავშესაფრებთან ახლოს დარჩენა ევალებათ.

კომენტარები