საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – აგვისტოს მთავარი კინოპრემიერები

Befunky

ზაფხულის ბოლო თვეს, მაყურებელს კინოთეატრების გრილ დარბაზებში არაერთი საინტერესო ფილმი ელოდება. წარმოგიდგენთ აგვისტოს ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს.

Bullet Train

4 აგვისტოს საქართველოს კინოთეატრებში ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Bullet Train გამოდის. ტყვიის მატარებელი იაპონური რომანის ეკრანიზაციაა. პროექტის რეჟისორი დევიდ ლეიტჩია, ყოფილი ტრიუკების დამდგმელი, რომელმაც სახელი John Wick-ზე მუშაობით გაითქვა. მოგვიანებით ლეიტჩმა თანამედროვე მძაფრსიუჟეტიანი კინოს გამორჩეული ფილმები Atomic Blonde და Deadpool 2 გადაიღო. სანახაობრივ ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს.

Nope

თანამედროვე ჰორორის დიდოსტატის, ჯორდან პილის ახალი საშინელებათა ფილმი Nope საქართველოს კინოთეატრებში ასევე 4 აგვისტოს გამოდის. პილმა ბოლო ათი წლის განმავლობაში ორი მაღალი კლასის ფილმი, Get Out(ფილმის სცენარისთვის პილმა ოსკარი მიიღო) და Us გადაიღო. ახალ პროექტში მთავარი როლმა Get Out-ის ვარსკვლავმა, ოსკაროსანმა დენიელ კალუიამ შეასრულა. სურათმა კინოკრიტიკოსების მაღალი შეფასებები უკვე დაიმსახურა.

Where the Crawdads Sing

2018 წლის ბესტსელერი დეტექტივის ეკრანიზაცია. მისტიკური თრილერის მთავარი გმირი გოგონა სახელად კიაა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში ცხოვრობს. კიას პრობლემური ოჯახი აქვს, ამიტომ დროის გატარებას სახლიდან შორს ახლადშეძენილი მეგობრების გარემოცვაში ცდილობს. ფილმი ოლივია ნიუმანს ეკუთვნის, მისმა წინა ნამუშევარმა First Match კინომოყვარულების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 25 აგვისტოს გამოვა.

Fall

მძაფრსიუჟეტიანი თრილერის მთავარი გმირები მოყვარული კლდეზე მცოცავები არიან, რომლებიც 600-მეტრიან მიტოვებულ რადიოანძას დალაშქრავენ. ბეკიმ და ჰანტერმა თავიანთ ცოდნისა და ძალების მაქსიმუმი უნდა გამოავლინონ, რომ საბედისწერო ანძიდან უკან ცოცხლები ჩამოვიდნენ. თამბრუდამხვევი თრილერი საქართველოს კინოთეატრებში 25 აგვისტოს გამოვა.

კომენტარები