დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე

კოსოვომ ქვეყანაში შემომავალ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო, ბარიკადებს შლიან

კოსოვოელი პოლიციელი, 2022 წლის 1 აგვისტო
REUTERS/Fatos Bytyci

მას შემდეგ, რაც კოსოვომ აშშ-ს და ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყვიტა, რომ ახალ რეგულაციებს სექტემბრიდან დაიწყებდა, დღეს, 1-ელ აგვისტოს პრიშტინამ ქვეყანაში შემომავალი სერბებისთვის სპეციალური საბუთების გაცემა დაიწყო.

პარალელურად, კოსოვოელის სერბების აღმართულ ბარიკადებს შლიდნენ, როდესაც კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სერბეთის მოქალაქეებისთვის გასცა პირველი საბუთი ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლისთვის. საბუთების გაცემა სერბეთთან მოქმედი 4 გამშვები პუნქტიდან ერთზე მოხდა.

1-ელი აგვისტოს შეთანხმების მიხედვით, კოსოვოს კანონების ცვლილება 1-ელი სექტემბრიდან უნდა დაეწყო.

იარინიეს გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან კოსოვოელმას ერბებმა დაიწყეს მანქანების გაყვანა, რომლებითაც გზას კეტავდნენ. თუმცა, იარინიესა და ბრნიაკის გამშვები პუნქტები ტრანსპორტისთვის კვლავ ჩაკეტილი რჩება, რადგან, როგორც კოსოვოს პრემიერმინისტრი, ალბინ კურტი ამბობს, მათკენ მიმავალი გზები გადაკეტილია. მისი თქმით, სულ აღმართული იყო 9 ბარიკადი და მათი დაშლას დრო სჭირდება. 

კანონები, რომლებმაც კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებში აჟიოტაჟი გამოიწვია სერბეთიდან შემოსვლის გართულება და სანომრო ნიშნების ცვლილება იყო. ანონის ცვლილების შემთხვევაში კოსოვოში ეთნიკური სერბების უმრავლესობის რაიონებში სერბული სანომრე ნიშნების კოსოვოს ნომრებით ჩანაცვლება მოუწევდათ. 

კოსოვოელი სერბები სერბეთის საზღვართან შეიკრიბნენ და ორი გამშვები პუნქტი სატვირთო მანქანებითა და ბარიკადებით გადაკეტეს.

კოსოვოს მთავრობამ მანქანის ნომრებზე კანონის მიღება 1-ელ სექტემბრამდე გადადო. გადაწყვეტილება აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

აშშ-ს ელჩმა კოსოვოში თქვა, რომ მან მთავრობას კანონის ცვლილების 30 დღით გადადება ურჩია, რადგან, მისი თქმით, გადაწყვეტილება არასწორად იქნა გაგებული.

აქამდე NATO-ში სიტუაცია დაძაბულად შეაფასეს, კოსოვოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა მისიამ, KFOR-მა კი გამოაცხადა, რომ მზად არიან ინტერვენციისთვის, თუ სტაბილურობა საფრთხეში ჩავარდება. 

მანქანის სანომრე ნიშნებზე კანონის ცვლილებას დაძაბულობა 2021 წლის სექტემბერშიც იყო, როდესაც კოსოვოელმა სერბებმა იგივე გამშვები პუნქტები გადაკეტეს. 


2021 წლის სექტემბერში კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელი სერბების დემონსტრაცია მოჰყვა კოსოვოს ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც სერბეთიდან შემომავალ ავტომობილებს საკუთარი რეგისტრაციის ნომრის გამოყენება არ შეეძლებოდათ და მის ნაცვლად მანქანისთვის უნდა დაეყენებინათ კოსოვოს დაბეჭდილი დროებითი ნომერი, რომელიც გამოსადეგი 60 დღის განმავლობაში იქნებოდა. 

კოსოვოს მთავრობის განმარტებით, ეს რეგულაცია იყო 2008 წელს სერბეთის მიერ დაწესებული ასეთივე შეზღუდვის პასუხი. 2008-ში კოსოვომ, რომელზეც სერბეთმა კონტროლი 1999 წელს NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

2021 წლის რეგულაციის საპასუხოდ, კოსოვოელმა სერბებმა სატვირთო მანქანებით კოსოვო-სერბეთის საზღვართან ჯაჭვი შექმნეს და ორი მთავარი გზა გადაკეტეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ვითარება დაძაბა. ევროკავშირი და NATO მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა.

უთანხმოება გადაიზარდა ძალადობაშიც. 2021 წლის 26 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც დაძაბული ვითარება იყო, თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ შენობას, მათ შორის მანქანების რეგისტრაციის ოფისს. 

2021 წლის დაძაბულობის დროს სერბეთმა კოსოვოს საზღვართან სამხედრო მანევრები ჩაატარა. ასევე, სერბეთის МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს კოსოვოს იარინიეს გამშვებ პუნქტს, სადაც სერბი დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი.

პასუხად, NATO-ს კოსოვოს მისიის, KFOR-ის ძალების 5 000 კაციანმა კონტინგენტმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, გააძლიერა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება, მეტი მიმართულებითა და ხანგრძლივობით.

საბოლოოდ, მხარეები ევროკავშირის შუამდგომლობით დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები