ბელარუსი

ბელარუსმა დიდი ბრიტანეთიდან სრულუფლებიანი ელჩი გაიწვია

ბელარუსის ელჩი დიდ ბრიტანეთში, მაქსიმ ერმოლოვიჩი

ბელარუსმა დიდი ბრიტანეთიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მაქსიმ ერმოლოვიჩი გაიწვია.

როგორც ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მინსკში გადაწყვიტეს, რომ ლონდონში სრულუფლებიანი ელჩის ფუნქცია დროებითი რწმუნებულის დონემდე შეამცირონ.

ბელარუსის საგარეო უწყებაში მიზეზად "ბელარუსის მოქალაქეებისთვისა და იურიდიული პირებისთვის ზარალის სისტემურად მიზანმიმართულ, მაქსიმალურ მიყენებას", სანქციებს, ბელავიას ავიახაზების აკრძალვასა და სხვა "არამეგობრულ" ნაბიჯებს ასახელებენ. 

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინსტროში ხაზი გაუსვეს, რომ ელჩის გაწევა არ ნიშნავს ლონდონთან კომუნიკაციის არხების დახურვას.

ბრიტანეთის ელჩი ბელარუსში, ჯაკლინ პერკინსი ჯერჯერობით მუშაობას აგრძელებს და მინსკის გადაწყვეტილებაზე ლონდონს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მას შემდეგ, რაც 2020 წელს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციები ძალით ჩაახშო, დასავლეთში მინსკს რიგი სანქციები დაუწესეს. ევროკავშირთან და აშშ-სთან ერთად სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

კომენტარები