ეკონომიკური ზრდა

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (მშპ) 7.2%-ით გაიზარდა, წლის პირველი 6 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10.5%-ით განისაზღვრა. იანვარში ეკონომიკური ზრდა 18% იყო, თებერვალში 14.6%, მარტში 10.6%, აპრილში - 2.6%, მაისში კი - 11.6%.

საქსტატის ინფორმაციით, "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, სამთომოპოვებითი მრეწველობა".

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ
ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.


2021 წელი ქვეყანამ მშპ-ს 10.4%-იანი ზრდით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბაზისო ეფექტი, ანუ 2020 წელს დაფიქსირებული შემცირებაა, რადგან მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ რეკორდული ვარდნა განიცადა და 6.1%-ით შემცირდა.

2021 წლის ბოლოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ "2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა მომავალ წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება".

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა შენელდება და ორნიშნა მაჩვენებლიდან 5-5.5%-მდე შემცირდება. 

თუმცა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 მარტს განაცხადა, რომ "დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება".

კომენტარები