ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს აფრიკის ქვეყნებში ვიზიტი აქვს დაგეგმილი, რისი მთავარი მიზანიც ამ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება და სურსათის საერთაშორისო კრიზისში დასავლეთის დადანაშაულებაა.
"რუსეთის კერძო სამხედრო ჯგუფმა - ვაგნერმა, სავარაუდოდ დონბასში ვუჰლეჰირსკას ელექტროსადგურის და ნოვოლუჰანსკეს სოფლის მიმდებარედ ტაქტიკური წინსვლა შეძლო. უკრაინის სამხედრო ძალების ნაწილმა ეს ტერიტორიები დატოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამჟამად ეგვიპტეში ტურზე იმყოფება, ეთიოპიაში, უგანდასა და კონგოს რესპუბლიკაში. რუსეთი მეტად სავარაუდოა, რომ ამ ვიზიტებს იმისთვის გამოიყენებს, რომ დასავლეთი სურსათის საერთაშორისო კრიზისში დაადანაშაულოს და იმ აფრიკული სახელმწიფოების მხარდაჭერა მოიპოვოს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი ნეიტრალურები იყვნენ". - წერია ანგარიშში.
დაზვერვის ინფრომაციით, რუსეთის აფრიკასთან ურთიერთობის მთავარი მიზეზი "დიადი ძალის“ იდენტობის გაზრდაა, რომელსაც ესწრაფვის. რუსეთის მეორეული მიზანი კი, ბრიტანეთის უწყების ვარაუდით, აფრიკის დარწმუნებაა, რომ საერთაშორისო ფორუმებში რუსეთის ინტერესების შესაბამისად მისცენ ხმა.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





