საქართველო-ევროკავშირი

მუხთარლი: ივანიშვილის დავალებით მოხდა ჩემი გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადიცია

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახურია რეგიონში.

"ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ არის მოწოდება. დიდება! ივანიშვილი იყო ქურდი, მექრთამე და კორუმპირებული. ის არის არჩევნების გამყალბებელი, რომელმაც აკრძალა დემოკრატიული არჩევნები საქართველოში და ამომრჩევლებს ფულით ყიდულობს. ის არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მსახური ჩვენს რეგიონში. საქართველოდან ჩემი გატაცება და აზერბაიჯანში ექსტრადიცია ივანიშვილის დავალებით მოხდა. ახლაც, მისი დავალებით არც ერთი საქმეზე არ მიმდინარეობს გამოძიება. უკრაინა ჩვენთვის ყველასთვის იბრძვის. ის გვიცავს არამარტო რუსეთის აგრესიისგან, არამედ მცირე სუტენიორებისგანაც". - წერს მუხთარლი.

დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას უჭერს მხარს.  

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

კომენტარები