საქართველო-ევროკავშირი

ნონიაშვილი: მავნებლობაში ოპოზიცია და ოცნება ერთიანი ვერ იქნება, სწორია, რომ მას გავემიჯნოთ

ცხადია, პატივს ვცემთ ამ ქვეყნის გულშემატკივრებს. სწორია ის ქართული გამოთქმაც, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ ერთიანები ვერ ვიქნებით ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაში, ევროინტეგრაციის გზის დაზიანებაში, ჩვენი ევროპელი მეგობრების დემონიზებაში, ოკუპაციისადმი შემრიგებლურ დამოკიდებულებაში.  

სწორედ იმიტომ, რომ ძალა არის ერთობაში, მავნებლობას ძალა არ უნდა მისცე და არ უნდა გააძლიერო ერთობით. ამაშია მთელი არსი, ამ მავნებლობაში ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანი ვერ იქნება. პირიქით, სწორია, რომ ოპოზიცია სრულად გაემიჯნოს ხელისუფლებას მავნებლობაში და გვერდით არ დაუდგეს. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ქართული ოცნების ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რათა, მმართველი პარტიის ცნობით, ევროკავშირის მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებაზე იმუშავონ. ჯგუფის მუშაობაში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც იღებს მონაწილეობას. გუშინ, 22 ივლისს ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დაწერა, რომ საქართველოს დევიზია ძალა ერთობაშია, "რეკომენდაციებზე ჯგუფების პარალელურად მუშაობა კი არც ერთიანობას და არც ძალას არ აჩვენებს".

კომენტარები