რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შემდეგ ხორბლისა და სიმინდის გლობალური ფასი შემცირდა

Amit Dave/Reuters

ხორბლის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამასთან ერთად, სიმინდის ფასიც დაეცა. ფასის ვარდნა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების შედეგია.

შეთანხმების შედეგად მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტები გაიხსნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩიკაგოში ხორბალი 5,9%-ით დაეცა და ბუშელზე $7,59-ს შეადგენდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თებერვლის დასაწყისიდან. სიმინდი 1.6%-ით, $5.6425-მდე დაეცა. 

22 ივლისს, მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". 

გუტერეშის თქმით, მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინული მხარე მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებას ხელს მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერდა.

"უკრაინა რუსეთთან ერთად ხელს არანაირ დოკუმენტს არ მოაწერს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან. ხოლო რუსეთს ხელმოწერა ანალოგიურ ხელშეკრულებაზე მოუწევს, იმავე მხარეებთან". - თქვა პოდოლიაკმა.

რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს

კომენტარები