რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: აშშ უკრაინისთვის A-10 Warthog-ის ტიპის მოიერიშეების გადაცემას განიხილავს

A-10 Thunderbolt (Warthog)

The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს საჰაერო ძალების ლიდერებმა წამოჭრეს უკრაინისთვის A-10 Warthog-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების საჰაერო ფლოტის გადაცემისა და უკრაინელი პილოტების მომზადების შესაძლებლობა. 

საკითხი აშშ-ს საჰაერო ძალების მდივანმა, ფრანკ კენდალმა წამოაყენა და ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა, რომელიც განხივლას ექვემდებარება.

როგორც NY Times-ი წერს, ეს გადაწყვეტილება, მიღების შემთხვევაში ორივე ქვეყნის პრობლემას გადაჭრის, რადგან უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები, აშშ-ს კი უკვე წლების განმავლობაში სურს A-10-ების შენახვის ხარჯი შეამციროს. აქამდე აშშ-ს კონგრესი A-10-ების ჩამოწერის ყოველ მცდელობას ბლოკავდა.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, როდესაც თავდაცვის მდივანმა, რობერტ მ. გეითსმა თვითმფრინავების ჩამოწერა სცადა, რესპუბლიკელმა სენატორმა კელი აიოტმა წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ, ჩამოწერის ნაცვლად, აშშ-ს კონგრესმა დაადასტურა A-10-ის მოდერნიზაციისთვის თანხების გამოყოფა. ეს პროცესი 2019 წელს დასრულდა.

კენდალმა კიდევ ერთხელ სცადა თვითმფრინავების ჩამოწერა და მათი მოდერნიზაციის ნაცვლად ფულის დაზოგვა, თუმცა, ბოლო მცდელობის დროს, ინიციატივა დემოკრატმა სენატორმა, მარკ კელიმ დაბლოკა.

Warthog-ები, რომლებიც თავდაპირველად საბჭოთა კავშირის ტანკების განადგურების მიზნით ააწყვეს, ერაყსა და ავღანეთში ქვეითების მხარდასაჭერად გამოიყენებოდა.

NY Times-ი წერს, ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი თვლის, რომ უკრაინას Warthog-ების გამოყენება ორივე დანიშნულების კომბინაციით, ქვეითთა მხარდაჭერისთვისა და რუსული ტანკების განადგურებისთვის შეუძლია. როგორც ამერიკული მედია წერს, ბოლო თვეებში, ეს მაღალჩინოსნები მუშაობენ უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან, რათა A-10-ების გადაცემის შესაძლებლობა განიხილონ.

ამ ეტაპზე, A-10-ების უკრაინისთვის გადაცემა მხოლოდ განხილვის საგანია.

კომენტარები