დიდი ბრიტანეთი

ლონდონის ერთ-ერთ ბინაში 61 წლის ქალის გვამი ორნახევარი წლის შემდეგ იპოვეს

Ula Šveikauskaitė/The Guardian

ლონდონში 61 წლის შეილა სელუანის გვამი ორნახევარი წლის შემდეგ იპოვეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილის ბინიდან მძაფრი სუნის შესახებ პოლიციას ზემოხსენებული პერიოდის განმავლობაში მეზობლებმა არაერთხელ შეიტყობინეს, თუმცა სამართალდამცველებმა ბინაში შესვლის გადაწყვეტილება წლების შემდეგ მიიღეს.

სამხრეთ აფრიკული წარმოშობის ქალმა საბინაო ასოციაციაში ქირა ბოლოს 2019 წლის აგვისტოში შეიტანა, ამის გამო პოლიციას კომპანიაც რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა გვამის აღმოჩენა მხოლოდ 2022 წლის თებერვალში მოხერხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორნახევარი წლის განმავლობაში ბინიდან გამოსული მძაფრი სუნისა და გადაუხდელი ქირის გამო პოლიციას ჯამში 89-ჯერ დაუკავშირდნენ. თუმცა, გარდაცვლილს, რომელიც ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციაში მუშაობდა, ახლო მეგობრები და ნათესავები არ ჰყავდა, შესაბამისად მისი გაუჩინარების შესახებ ცნობა არავის შეუვსია.

გარდაცვლილი ქალის იდენტიფიცირება სტომატოლოგის დახმარებით მოხერხდა. მისი მეზობლების ცნობით, ქალის პანაშვიდს მხოლოდ ორი ადამიანი, მისი ძმა, რომელთანაც მას ურთიერთობა წლების განმავლობაში გაწყვეტილი ჰქონდა და საბინაო ასოციაციის წარმომადგენელი დაესწენენ.

კომენტარები