საჯარო სექტორი

მინისტრი: 2026 წლამდე საჯარო სექტორის ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2023-2025 წლებში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება. ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ საჯარო სექტორის ხელფასების რაოდენობა კერძო სექტორის მაჩვენებლებს ჩამორჩება და 2026 წლამდე ეს სხვაობა უნდა შემცირდეს.

"სამიზნე მაჩვენებლით საჯარო სექტორში ხელფასის დონე კერძო სექტორის ხელფასის 80%-90%-ის დიაპაზონში უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ის კერძო სექტორის ხელფასის მხოლოდ 74%-ს შეადგენს. განისაზღვრა ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება უკვე გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, განისაზღვრა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი.

2026 წლის პირველი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რომლითაც ბოლო 4 კვარტლის განმავლობაში გაიზრდება არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი და ასევე 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი.

დღევანდელი მოცემულობით, საჯარო სამსახურში კერძო სექტორის საშუალო ხელფასის 74%-ია, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებლები იცვლებოდა და საჯარო სექტორის საშუალო ხელფასები კერძოს 93-94%-საც აღწევდა, თუმცა 2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე.

მომდევნო წლების განმავლობაში, 2026 წლამდე, საჯარო სამსახურში გაიზრდება ხელფასები დაახლოებით 10%-ით ყოველწლიურად, რათა მიღწეული იყოს ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. ეს დიაპაზონი უნდა იყოს 80-90%-მდე კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასისა. ეს შინაარსობრივად ნიშნავს, რომ 2023, 2024, 2025 წლებში საბაზისო ხელფასი უნდა გაიზარდოს 10%-ით ყოველწლიურად. ეს პარამეტრები განიხილება სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენის დროს" - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები