სოსო გოგაშვილის დაკავება

სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

სოსო გოგაშვილი
სუს

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. როგორც მისმა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ თქვა,  გამოძიება გოგაშვილს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 

"პერსონალური მონაცემების გასაჯაროვება, როგორც ეს ბრალდებაშია მითითებული, შეეხება 2015-18 წლებში ბატონი სოსო გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე და როგორც დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, მას ედავებიან 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალური მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რომელი ორი პიროვნების პერსონალური მონაცემების გავრცელებაზეა საუბარი".- ამბობს ადვოკატი. 

15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა". 

15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ "გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა". გოგაშვილი ასევე წერდა, რომ "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთ-ერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები