ავიაკატასტროფა

საბერძნეთში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს სამხედრო ტვირთი ბანგლადეშში გადაჰქონდა

საბერძნეთში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს, რომელსაც სერბეთიდან ბანგლადეშში დაახლოებით 12 ტონა სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა, ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში გაუჩნდა იქამდე, სანამ დასახლებული ტერიტორიიდან 2 კილომეტრში ჩამოვარდებოდა. 

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის თავდაპირველი ინფორმაციით, რეისი სერბეთიდან იორდანიაში მიემგზავრებოდა, თუმცა, მოგვიანებით დადასტურდა, რომ თვითმფრინავი იორდანიაში მხოლოდ საწვავის ავზის შესავსებლად გაჩერდებოდა.

საბერძნეთში ჩამოვარდნილი სატვირთო თვიმფრინავის ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა - ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ. პილოტი ავარიული დაშვებისთვის ნებართვას მოითხოვდა.

თვითმფრინავს დაშვება შესთავაზეს სალონიკის ან კავალას აეროპორტში. თვითმფრინავმა დაშვება კავალასის აეროპორტში გადაწყვიტა.

თვითმფრინავი ეკუთვნოდა Meridian-ს, რომელიც, მისი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ფრენებს მთელს მსოფლიოში, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰუმანიტარული მარაგების ტრანსპორტირებისთვის ფრენებს. გარდა ამისა, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან და NATO-სთან სასწრაფო ტვირთების მიწოდებაზე, მათ შორის სამხედრო დანიშნულებისთვის.

კომენტარები