სოსო გოგაშვილი

ომბუდსმენის წარმომადგენელი: გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს სახეზე, ხელებსა და ფეხებზე

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, ქეთევან ხვედელიანის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაკავებულ ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, მათ შორის შეშუპება სახეზე და სილურჯეები კიდურებზე. ომბუდსმენის წარმომადგენელმა ამის შესახებ სუს-ის შენობაში გოგაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

"აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც, რომლებიც თვალსაჩინოა. როგორც ვიცი, უკვე ნახა ექიმმა და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახალხო დამცველი აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წევრებს, როგორც ვიცი, მიმართავენ საგამოძიებო სამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ბრალთან დაკავშირებით კონკრეტულად არ გვისაუბრია. თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. შეტყობინება არ ყოფილა მის მიმართ გაკეთებული, შესაბამისად, არ ელოდებოდა, მსგავსი სახის სპეცოპერაცია თუ ჩატარდებოდა. სახეზე აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები". – თქვა ხვედელიანმა.

მისივე თქმით, დაზიანებები დაკავების დროსაა მიყენებული და გოგაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ მასზე არ უძალადიათ. ამასთან, ხვედელიანმა აღნიშნა, რომ სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა მის სახლში 2 იარაღის ჩადების ფაქტი, რაზეც მისი ოჯახის წევრები საუბრობდნენ.

15 ივლისს, ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო მისმა ცოლმა გაავრცელა – ვიდეოში ჩანს, როგორ შედის სპეცრაზმი სახლში, გოგაშვილს იატაკზე აწვენს და აკავებს. სუს-ის ცნობით, გოგაშვილი არა ახალი, არამედ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკის ოპერაციის ჩატარების შემდეგ მისი დაკავება "გარდაუვალი გახდა". 

15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ "გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა". გოგაშვილი ასევე წერდა, რომ "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთ-ერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები