სოსო გოგაშვილი

სოსო გოგაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს - დაკავების ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია პირველი და მთავარი ავრცელებს. 

მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ სახლში სპეცრაზმი შედის, მას იატაკზე აწვენს და, სავარაუდოდ, აკავებს. ვიდეოს გოგაშვილის ცოლი იღებს. 

ტაბულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. 

15 ივლისს სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოქვეყნა, რომელშიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე საუბრობს და ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ პარტიამ მას აქამდე მათ მიერ “გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შეატენა”. გოგაშვილი ასევე წერდა, რომ "ახალ მოხარშულ სიმყრალესაც" მას ვეღარ "შეტენიდნენ". 

“სანამ საჯაროდ, ტელეეთერიდან მოგიყვებით სიმართლეს. 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც. ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას (საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან. დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა. გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად,მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი. ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს. 2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ. სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს…

ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ…?

ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით. ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…? მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე. ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო! აბა მიდით, იმოქმედეთ, გელოდებით”.   

13 ივლისს ტელეწამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაავრცელა "სკანდალური ჩანაწერი", რომელიც ასახავს მთავარი არხის გადაცემა პოსტ ფაქტუმის სარედაქციო ჯგუფის საუბარს ერთერთი სიუჟეტის შესახებ. ჩანაწერში ახსენებენ სოსო გოგაშვილსაც. ფიგურანტი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მათი საუბარი უკანონოდ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაიწერა. მომდევნო დღეს, 14 ივლისს, უცნობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები