უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის თქმით, გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დაახლოებით მესამედი სამოქალაქო ობიექტებს მოხვდათ.
"ბოლო კვირას ჩვენ მოვიგერიეთ მტრის ყველა შეტევა, უკრაინის მიწის ერთი მეტრიც კი არ დაკარგულა. თუმცა, მტერი უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს. კვირის განმავლობაში, მტრის სარაკეტო დარტყმების თითქმის 30% განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს მიუთითებს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიზანმიმართულ მცდელობაზე, მოაწყონ უკრაინელი ხალხის გენოციდი". - თქვა ოლექსი გრომოვმა.
გრომოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გასულ კვირასთან შედარებით 1.5-ჯერ გაზარდა საჰაერო იერიშების რაოდენობა.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





