რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუტე: არ უნდა მოვდუნდეთ, უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად უკრაინის მხარდაჭერა

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, იმის მიუხედავად, რომ ომი დიდხანს გრძელდება, დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის ყოველდღიური, აქტიური მხარდაჭერა პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ რუტემ კიევში ვიზიტისას ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ეს ომი შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ჩვენ ვიმედოვნებდით ან ველოდით. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ და მოვლენების განვითარებას პასიურად ვადევნოთ თვალი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა, ხშირად და ღიად ჩვენი მხარდაჭერის დაფიქსირებით, პუტინის რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებითა და ომრხრივად და მრავალმხრივად უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებით". – თქვა რუტემ. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

 

 

კომენტარები