რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მთავრობის ხარჯის შესამცირებლად ზელენსკი მინისტრთა კაბინეტის ცვლილებას გეგმავს – Bloomberg

ვოლოდიმირ ზელენსკი

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არასაჭირო ხარჯების შესამცირებლად და კორუფციის აღმოსაფხვრელად მინისტრთა კაბინეტის ცვლილებას მალე წარადგენს

წყაროს თქმით, მინისტრები 20-დან დაახლოებით 12-მდე შემცირდება, სამინისტროების საერთო რაოდენობა კი შეიძლება განახევრდეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დამატებით შეითავსებს ევროკავშირში პოტენციური ინტეგრაციის დაგეგმვის ფუნქციას. ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა განახლებული სამინისტროს მმართველის პოსტზე ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება. 

გასულ კვირას შვეიცარიაში, ლუგანოში რეკონსტრუქციის კონფერენციის შემდეგ, ზელენსკის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინა რეფორმების მიმართ "ძალიან სერიოზულადაა" განწყობილი. კორუფციის აღმოფხვრა და კანონის უზენაესობის გაძლიერება ის მთავარი პრინციპებია, რომლებსაც ე.წ. ლუგანოს დეკლარაცია საზღვრავს.

გამოცემის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებაზე ფიქრი სწორედ მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინამ ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის ასობით მილიონი დოლარი და გაწერილი გეგმა მიიღო.

10 ივლისის ვიდეომიმართვაში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხალხს მომავალი კვირისთვის "მნიშვნელოვანი ამბებს" შეატყობინებდა. მისი თქმით, სიახლეებს "მთავრობის წარმომადგენლებისგანაც უნდა ველოდეთ".

უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციაზე (URC2022), რომელიც ლუგანოში ჩატარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, უკრაინის აღდგენის გეგმა განიხილეს. მიღებული გეგმა ითვალისწინებს თანხების გამოყოფას საკვანძო ინფრასტრუქტურების აღსადგენად და ხელს შეუწყობს საავადმყოფოების, სკოლების და სახლების განახლებას.

კომენტარები