საქართველო-აშშ

ხუნდაძე დეგნანზე: პასუხმა შეურაცხყო ქართველი ამომრჩეველი, იმიჯი უზიანდება მის ქვეყანას

ივანიშვილის დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილის წერილზე საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის პასუხს ეხმაურება და ამბობს, რომ ელჩის განცხადებამ "შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი".   

ხუნდაძის შეფასებით, კელი დეგნანის პასუხი კითხვებზე, რომელიც "საზოგადოებას აწუხებს", აშშ-ს იმიჯს აზიანებს. 

განცხადებას სრულად გთავაზობთ: 

მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არ მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

დეპუტატის მიერ გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური. ეს კითხვები აწუხებს დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ამ კითხვებს გვისვამენ  პოლიტიკოსებს და ჩვენ გვჭირდება პასუხები იმისათვის, რომ ხალხს ვესაუბროთ. როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე. და თუკი ეს დუმილი ან იგნორი, მით უმეტეს შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს.

კითხვებზე პასუხია საჭირო. თუნდაც ორ კითხვაზე: მისაღებია თუ არა თქვენთვის სახალხო დამცველის მიერ ღიად გაჟღერებული ომის რიტორიკა? როცა ის ამბობს, რომ „დგება მომენტი, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს სირცხვილს“ და სირცხვილს არქმევს იმას, რომ საქართველო თავის საზიანოდ არ შეუერთდა ახალ სანქციებს. და ასევე, მხარს უჭერთ თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას?

თქვენგან ველი პასუხებს და თუ აშშ-ის ელჩი პასუხებს არ გასცემს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების კითხვებს, მაშინ ხალხში გაჩნდება კიდევ უფრო მეტი კითხვები. ეს კი საზოგადოებაში პროტესტს იწვევს. ამიტომ, მოვუწოდებ ქალბატონ დეგნანს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ყველა იმ კითხვაზე, რაც აწუხებს ქართველ ხალხს.

8 ივლისს ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს. დეგნანის შეფასებით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".  

ივანიშვილის დეპუტატებმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, "რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება". დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე თქმით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.  

კომენტარები