საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ეუთოს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც ეხება

ვროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეამ 29-ე სესიაზე, ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში მიიღო შემაჯამებელი რეზოლუცია, რომელშიც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

რეზოლუცია გამოხატავს მწუხარებას "რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს 2008 წლის შემდეგ გადაუჭრელი კონფლიქტის" გამო და ხაზს უსვამს რუსეთის მხრიდან ევროკავშირის შუამდგომლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების სრულ იმპლიმენტაციას.

რეზოლუციაში საუბარია როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მხარეებს კონფლიქტის გადაჭრის არსებულ პლატფორმებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რეზოლუცია რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შეწყვეტასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციული მონაწილეობისკენ. 

რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარების გაუარესებზე, ასევე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მახასიათებლების წაშლასა და ცვლილებებზე, რაც რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგია.

"[რეზოლუცია] გმობს ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სიტუაციას, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში – გაუარესებულია იქ მცხოვრები ადამიანების ძირითადი უფლებებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სხვადასხვა დისკრიმინაციისა და ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ქართული მახასიათებლების წაშლისა და შეცვლის შედეგად, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და "რუსიფიკაციის" პოლიტიკის პირდაპირი შედეგია". – წერია რეზოლუციაში.

კომენტარები