რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ლისიჩანსკის აღების შემდგომ, რუსეთის აქცენტი დონეცკის დაკავებაზე გადაინაცვლებს

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ლისიჩანსკი დატოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, მათ ლისიჩანსკის ალყა დაასრულეს და ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარეს.

"ოკუპანტების წინსვლის გამო, ბრძოლები ლუგანსკის ოლქის ქალაქსა და მის გარშემო გასულ კვირას გაძლიერდა. ლისიჩანსკი იყო ლუგანსკის ოლქის ძირითადი მოსახლეობის ცენტრი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა. რუსეთის აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, დონეცკის ოლქის აღებაზე გადაინაცვლებს, რომლის დიდი ნაწილი უკრაინის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

დონბასის ბრძოლა იყო საკმაოდ მწვავე და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს კვირებში მდგომარეობა შეიცვალოს. უკრაინაში ომი დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორზე. ომმა დიდი შეფერხება გამოიწვია თესლისა და სასუქის მიწოდების ჯაჭვებში, რომლებსაც უკრაინელი ფერმერები ეყრდნობიან.

რუსეთის მიერ ოდესის ბლოკადა აგრძელებს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის სერიოზულ შეზღუდვას. ამის გამო, 2022 წელს უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს 2021 წლის მთლიანი 35%-ზე მეტი". - წერია ანგარიშში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები