უზბეკეთი

უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე დემონსტრაციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

AP News 

უზბეკეთმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ყარაყალპაკეთში - რეგიონში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ძლიერი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა

დემონსტრაციები პარასკევს დაიწყო: ათასობით ადამიანი უზბეკეთის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებდა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რეგიონი, ყარაყალპაკეთი, კარგავს უფლებას, რეფერენდუმის საფუძველზე, გამოეყოს უზბეკეთს. ძლიერი პროტესტის პასუხად, პრეზიდენტი რეგიონში ჩავიდა და პირობა დადო, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ტერიტორიის სტატუსს ასუსტებს, გაუქმდებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საგანგებო მდგომარეობა 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი "მოქალაქეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა და ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენაა". 

უზბეკეთის მოქმედი კონსტიტუციით, ყარაყალპაკეთი სუვერენული რესპუბლიკაა, რომელიც უზბეკეთის შემადგენლობაშია და იტოვებს უფლებას, რეფერენდუმის გზით გამოეყოს ქვეყანას. ეს შეთანხმება 1993 წელს მიიღწა და 20 წლის ვადით ყარაყალპაკის რესპუბლიკის უზბეკეთში შესვლას ითვალისწინებდა. კონსტიტუციის ახალი ვერსიით კი, მართალია, 2-მილიონიან რეგიონს უნარჩუნდება ავტონომია, თუმცა კარგავს გამოყოფის უფლებას. 

კონსტიტუციის ახალ პროექტს საჯაროდ კენჭს უახლოეს თვეებში უყრიან. ცვლილებებით, ასევე, გათვალისწინებულია, საპრეზიდენტო ვადის ზრდა - 5-დან 7 წლამდე. თუ კანონი დამტკიცდა, პრეზიდენტი შავკატ მირზოევი დამატებით ორი ვადით პრეზიდენტობას შეძლებს. 

კომენტარები