უკრაინა-პოლონეთი

უკრაინის საგარეო ემიჯნება ელჩის კომენტარს, რომელსაც პოლონეთში უკმაყოფილება მოჰყვა

ანდრიი მელნიკი

გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრიი მელნიკის სიტყვებს უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, სტეპან ბანდერასთან დაკავშირებით, პოლონეთში უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ დიპლომატის სიტყვებს ემიჯნებიან.

მელნიკმა გერმანელ ჟურნალისტ ტილო იუნგთან მიცემულ ინტერვიუში სტეპან ბანდერაზე ისაუბრა. უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის ბანდერას ფრთას 1940-იან წლებში ბრალად ედება პოლონელებისა და ებრაელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის მოწყობა. ამასთან დაკავშირებით, მელნიკმა თქვა, რომ "ბანდერას მებრძოლების მიერ ასიათასობით ებრაელის დახოცვის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს" და ამაზე რუსული მხარე ლაპარაკობდა.

"ბანდერა ებრაელებისა და პოლონელების მასობრივი მკვლელი არ ყოფილა". – თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ხოცვა-ჟლეტვაში პირადად ბანდერას მონაწილეობა არ დასტურდება. 

ჟურნალისტის შეკითხვას, უკრაინაში პოლონელების სასაკლაოებთან დაკავშირებით, მელნიკმა უპასუხა, რომ პოლონელები ასევე ხოცავდნენ უკრაინელებს.

"ეს იყო ომი". – თქვა მელნიკმა.

მელნიკის სიტყვებს პოლონეთში უკმაყოფილება მოჰყვა.

"ასეთი მოსაზრება და სიტყვები აბსოლუტურად მიუღებელია". – თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე, ელოდნენ თუ არა მელნიკისგან პოლონეთში ბოდიშს, საგარეო მინისტრის მოადგილემ უპასუხა: "ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს უკრაინის მთავრობის პოზიცია, ვიდრე ერთი პიროვნების".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთს რუსეთთან ომში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მელნიკის სიტყვებს გაემიჯნა.

"მოსაზრება, რომელიც გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში დააფიქსირა, არის მისი და არ ასახავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას". – წერია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ საკითხთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ესაუბრა და მას მადლობა გადაუხადა.

სტეპან ბანდერასა და უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ОУН) ფრთას, რომელსაც ის უძღვებოდა, ბრალად ედება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ გერმანიასთან კოლაბორაცია, ებრაელებისა და პოლონელების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა. ბანდერას ჯგუფი და უკრაინელი პარტიზანები მეორე მსოფლიო ომის დროს ებრძოდნენ როგორც ნაცისტური გერმანიის ჯარებს, ისე საბჭოთა კავშირსა და პოლონეთის მიწისქვეშა მთავრობას. ამ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს მოსკოვი საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.

თავად სტეპან ბანდერა (1909-1959) 1941-1944 წლებში ნაცისტური გერმანიის ზახსენჰაუსენის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის გერმანიაში ცხოვრობდა, სადაც 1959 წელს საბჭოთა კავშირის КГБ-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) აგენტმა მოკლა.

აქამდე, აჟიოტაჟი გამოიწვია ანდრიი მელნიკის სიტყვებმა გერმანიის კანცლერთან დაკავშირებით, როდესაც მან ოლაფ შოლცს "გაბრაზებული ძეხვი" უწოდა.

რამდენიმე დღის წინ მელნიკმა თქვა, რომ ოლაფ შოლცთან ამ სიტყვებისთვის ბოდიშის მოხდა სურს.

კომენტარები