თავდასხმა ვატო წერეთელზე

დეგნანი: ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით ახლა, როცა მედიაზე თავდასხმები შეიმჩნევა

ჩვენ ვსწავლობთ ამ ფაქტს, ვაგროვებთ ინფორმაციას, არ ვიცით, დაიწყო თუ არა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი გუშინ მომხდართან დაკავშირებით, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ძალადობა მიუღებელია - განსაკუთრებით ახლა, როდესაც მედიაზე თავდასხმის შემთხვევები მომრავლდა. ასევე გვესმის და გვაშფოთებს ცნობები იმის შესახებ, რომ რეგიონებში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიმართ, ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ადამიანის უფლებები, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება ამ [ძალადობის] ფორმით ირღვევა. გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობას ძალიან ბევრ ქართველთან ერთად აღვნიშნავდით. ამით ჩვენ გვსურდა, კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა და ხაზი გაგვესვა იმისთვის, თუ რა მნიშვნელოვანია როდესაც ქართველები ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან. სწორედ ამიტომ, იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა ჩვენი ღონისძიების გადაფარვა შეძლო, რომელიც სხვა მხრივ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის ბედნიერი და პოზიტიური აღნიშვნა იყო.

ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმას. ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები