თავდასხმა ვატო წერეთელზე

წულუკიანი: მმართველი გუნდი ვართ მუდმივი თავდასხმის ქვეშ

ჩემი აზრით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს და ადასტურებს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვართ მუდმივი თავდასხმის, მუდმივი შეურაცხყოფის ქვეშ, აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ სწორედ ამ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომელსაც ტვ პირველი დაერქვა, მისი ხელმძღვანელისა და დამფუძნებლების დავალებებით გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ ბავშვებს, ვინც იქ დახვდებათ, აშინებენ პენსიონერ მშობლებს.

ამის მსხვერპლი ჩვენც ვყოფილვართ, მე და ჩემი ოჯახი და ეს ინციდენტი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. შესაბამისად, მთავარი, რაც მინდა, დღეს ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე, რადგან როგორც ჩანს, აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს, ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე.

ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმას. ვატო წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები