ვატო წერეთელი

მგალობლიშვილი: წერეთელმა ანრის უკადრისი სიტყვები ჩასჩურჩულა – ქართველი კაცი ვერ აიტანს

ვინაიდან ბევრჯერ გაჟღერდა ჩემი სახელი და გვარი, საჭიროდ ჩავთვალე, რომ კომენტარი გამეკეთებინა დღევანდელ დღესთან და ინციდენტთან დაკავშირებით. სამწუხაროა, როდესაც დღევანდელ დღეს, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ხდება ესეთი ინციდენტი. ახალა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვინაიდან ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ირაკლიმ სწორად ასახა დღევანდელი მოვლენა. მე ერთს დავამატებ უბრალოდ – როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი? ეს ხომ აბსურდია. მან ყველაფერი გააკეთა, რომ მომხდარიყო პროვოკაცია, მივიდა ბატონ ანრისთან და მას ყურში ჩასჩურჩულა ისეთი უმსგავსო და უკადრისი სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ალბათ, კი არა, ვერ აიტანს ვერასოდეს და ესეთ პროვოკაციას ყოველთვის ესეთი ადეკვატური პასუხი გაეცემა. იქ მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა.

მინდა, რომ დღევანდელი დღე უპირველეს ყოვლისა მივულოცო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს და ეს ყველაფერი, რაც მოხდა, არ არის გასაკვირი იმ ადამიანისგან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში, შემდეგ კი კომიტეტის სხდომაზე შემოგვივარდა. ესეთი ადამიანისგან ყველაფერი არის მოსალოდნელი.

ვინმე მარიამ ბაჯელიძემ თავის ჯგუფში ჩააგდო ჩვენი ტელეფონის ნომრები და პირდაპირ მოუწოდა ძალადობისკენ. მათაც არ დააყოვნეს, მომდის შეურაცხმყოფელი სმს-ები. რა არის ეს, თუ არა ძალადობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან მგალობლიშვილი, რომელიც, TV პირველის მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის საქმეში ფიგურირებ. 

TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები