ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

რასმუსენი: რუსეთის მოსაზღვრე, NATO-ს მოკავშირე ყველა ქვეყანა, მნიშვნელოვნად გაძლიერდება

ანდერს ფოგ რასმუსენი
VOICE OF AMERICA

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნი, ანდერს ფოგ რასმუსენი მადრიდში გამართულ NATO-ს სამიტს გამოეხმაურა და სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

როგორც რასმუსენი აღნიშნავს, მადრიდში NATO-ს სამიტი ალიანსის ისტორიაში ყველაზე მძიმე დროს გაიმართა – როდესაც ბირთვულად შეიარაღებულმა სახელმწიფო მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა. თუმცა, ამის ფონზე, რასმუსენის თქმით, ალიანსი იზრდება, ძლიერდება და უკეთ ემზადება.

"თურქეთის მიერ წინააღმდეგობების შექმნაზე უარის თქმით, შვედეთს და ფინეთს გაწევრიანება დაყოვნების გარეშე შეუძლიათ. ეს ქვეყნები მიიღებენ მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიებს, NATO კი მიიღებს ახალ შესაძლებლობებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში". - წერს რასმუსენი.

გარდა ამისა, რასმუსენი აღნიშნავს, რომ გაიზრდება NATO-ს თავდაცვის მდგომარეობა და ალიანსის მოკავშირე ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან მნიშნელოვნად გაძლიერდებიან.

"NATO-ს თავდაცვის პოტენციალი 300 000 მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცით გაიზრდება, დღეს კი მათი რიცხვი 40 000-ია. აშშ პოლონეთში მუდმივი ჯარის შტაბბინას გახსნის და ალიანსის მოკავშირე ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება". - წერს რასმუსენი.

რასმუსენის თქმით, საუბრები მიმდინარეობს ჩინეთის შესახებ სტრატეგიულ კონცეფციაზე. რაც მნიშნვლეოვანი ნაბიჯია და დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და აზიიდან ერთად უნდა იმუშავონ ავტორიტარული საფრთხეების წინაშე.

ამასთან, რასმუსენი აღნიშნავს, რომ პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთონ.

"პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად ბევრად მეტი უნდა გააკეთონ. NATO-ს წევრების ირგვლივ რკინის ბეჭდის შემოჭერა არ კმარა, პუტინი უნდა შეჩერდეს. მოკავშირეებმა უკრაინას არსებითად გაუმჯობესებული იარაღი უნდა მიაწოდონ, რათა მან ომში გამარჯვება შეძლოს". - წერს რასმუსენი.

კომენტარები