საქართველო-ევროკავშირი

კუბილიუსი: ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს

ევროპარლამენტარის, ევროპის სახალხო პარტიის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის აზრით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაზე დიდი პრობლემა პოლარიზაციაა. ამასთან, კუბილიუსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლარიზაციის არა შემცირებას, არამედ გაღრმავებას აპირებს.

"მე ყველაზე დიდ ყურადღებას გავამახვილებდი პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს შესახებ, საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ ანგარიშშია ნახსენები. ვგულისხმობ, ე.წ. პოლარიზაციას, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციას.

პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იფიქროს საკუთარ შეცდომებსა და პასუხისმგებლობებზე. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მოსაზრება ღიად გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი მივიდა პარლამენტში და იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა იმაზე, რას გააკეთებს მთავრობა პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ბატონმა ღარიბაშვილმა დაიწყო ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება. ამან გვაჩვენა, რომ პრემიერმინისტრი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს. ეს ჩანდა, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს შეუმცირონ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი". – თქვა კუბილიუსმა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა.

კომენტარები