სააპელაციო სასამართლო

ჯანეზაშვილი ჩინჩალაძეზე: მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდნენ, განსხვავებული აზრი არ ყოფილა

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას ეხმიანება. 

როგორც ჯანეზაშვილი FACEBOOK-ზე წერს, მოსამართლეებმა ჩინჩალაძე ერთხმად აირჩიეს. 

"ერთხმად აირჩიეს ჩინჩალაძე 5 წლის ვადით, როგორც მოსამართლე - 65 წლამდე იქნება".- წერს ჯანეზაშვილი. 

ის აღნიშნავს, რომ ჩინჩალაძის კანდიდატურის განხილვისას, განსხვავებული აზრი არავის დაუფიქსირებია.

"ალბათ გაინტერესებთ როგორ ტარდება კონსულტაციები ჩინჩალაძეის დანიშვნაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით?

საბჭოს სხდომაზე ონლაინ ჩაერთო დარბაზში შეკრებილი უამრავი მოსამართლე და გამოვიდნენ ჩინჩალაძის მხარდამჭერი სიტყვით. ძირითადი არგუმენტები იხ. ქვემოთ.

  • ირაკლი შენგელია: თუ ვინმე უნდა იყოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მაშინ მიხეილ ჩინჩალაძე. სრულად გამართულად მუშაობდა სასამართლო მისი თავმჯდომარეობის დროს, ერთი შეფერხებაც კი არ ყოფილა
  • დიმიტრი გვრიტიშვილი: ვეთანხმები ბატონ ირაკლის, მიხეილ ჩინჩალაძე არის ღირსეული კანდიდატურა, სათანადო უნარებით აღჭურვილი. კოლექტივში არის ჯანსაღი და საქმიანი სიტუაცია. თუ ინფრასტრუქტურის პრობლემა წარმოიშვება მყისიერად გვარდება, მენეჯმენტი მართლაც გამართულია
  • მამისეიშვილი: დაახლოებით 10 თვეა აქ ვმუშაობ. აღფრთივანებული ვარ. სხვა ალტერნატივა არ არის
  • ბუგიანიშვილი: სრულად მხარს ვუჭერ
  • ტყავაძე: მეც მხარს ვუჭერ, წლებია ვიცნობ.  სასამართლოში გავიცანი მისი უნარები,  ვიცი სასამართლოს აპარატი გამართულად მუშაობს
  • ჯეირანაშვილი: მხარს ვუჭერ, დიდი დამსახურება აქვს
  • ლაშა თავართქილაძე: მართლაც ღირსეული კანდიდატია, კიდევ გააგრძელებს ღირსეულ საქმიანობას, თქვენი მხარდამჭერის შემთხვევაში
  • მარიამ ცისკაძე: ხმა არ ისმოდა ნორმალურად რა თქვა, მაგრამ ჩინჩალაძეს მხარს უჭერს.

ასევე, მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა ლავრენტი მაღლაკელიძე.

განსხვავებული აზრი არ ყოფილა".- წერს ჯანეზაშვილი. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში მხოლოდ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. ის ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა, ხოლო 5-წლიანი მუშაობის ვადა 2022 წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებიდან ირჩევა. თანამდებობაზე შერჩეულ პირს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

კომენტარები