სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

ვალერიან ცერცვაძე
facebook.com/pg/TbilisiAppealCourt

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება შპს iPlus-სა და შპს iTechnic-თან სასამართლო დავას უკავშირდება, რასთან მიმართებითაც არაერთხელ დასახელდა მისი სახელი.

ვალერი ცერცვაძის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვისა და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, ის ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებას.

"უკანასკნელ პერიოდში არაერთი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადება იქნა გაკეთებული კომპანია "აიპლიუსის" მხრიდან, რაც აშკარად სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და უხეშად ლახავდა, როგორც ჩემი, ასევე საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და მთლიანად სასამართლოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა შპს "აიპლიუსისა" და შპს "აიტექნიკის" დავის განხილვა. განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე, ვფიქრობ, საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კომპანია "აიპლიუსმა" კვლავ განაგრძოს მსგავსი მეთოდების გამოყენება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ. 

მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ფაქტი სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, გაჩნდეს გარკვეული შეკითხვები.

ჩემთვის ძვირფასია თითოეული ჩემი კოლეგა, რომლებთანაც მრავალი ერთად გატარებული წარმატებული წელი მაკავშირებს და მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი წლების განმავლობაში ვყოფილიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინოვაციური სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემს თანამდებობრივ მდგომარეობაზე მაღლა ვაყენებ მოსამართლეების და მთლიანად სასამართლოს ინტერესებს. შესაბამისად, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, მართებულად მიმაჩნია, დავტოვო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და ჩემი სამოსამართლეო ვადის ფარგლებში გავაგრძელო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების განხორციელება", - წერს ვალერი ცერცვაძე განცხადებაში, რომელსაც IPN ავრცელებს.

2016 წლის ოქტომბერში iPlus-ის საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება iTechnics-ის მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს, ასევე, მოსთხოვეს 1 553 826 ლარი. სარჩელი სასამართლოში iTechnics-ის წარმომადგენელმა, გიორგი ცერცვაძემ შეიტანა, რომელიც iPlus-ის დამფუძნებლის, მამუკა მარღიშვილის თქმით, ვალერი ცერცვაძის ბიძაშვილია, კომპანიას ცერცვაძის ცოლი გვანცა მიქუჭაძე ხელმძღვანელობს, ოფიციალური მფლობელი კი მისი ძმა, ბექა მიქუჭაძეა. მარღიშვილი დარწმუნებულია, რომ კომპანია ცერცვაძეების საოჯახო ბიზნესია.

კომენტარები