5 ივლისი

პრემიერი 5 ივლისზე: ვინ იყო ორგანიზატორი ვიცით, ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენების ორგანიზატორი "ელგებეტე" ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია იყვნენ, მათ უკან კი მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი დგანან.

ღარიბაშვილის თქმით, ღირსების მარში, რომლის ჩატარებასაც Tbilisi Pride 5 ივლისს გეგმავდა, "პირდაპირ პროვოკაცია" იყო.

"5 ივლისის მოვლენები, რაც ყველას არ მოგვეწონა, არავის მოგვეწონა. ის თავდასხმები, რომლებიც განხორციელდა ოპერატორების, ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამაზე მთავრობას ჰქონდა მკაცრი რეაქცია, 30 ადამიანზე მეტია დაჭერილი, გასამართლებული.

გასაგებია ეს ყველაფერი, დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ვინ იყო ამის ორგანიზატორი კარგად ვიცით, ელგებეტე გორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია, ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან დგას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, მათი წახალისებული იყო აი, ეს ვითომ ღირსების მარში, თუ რაღაც რომ ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა მასობრივი, შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა. ეს დაგეგმეს ამ ადამიანებმა, რაც მოხდა მანამდე, დილის საათებში, რა თქმა უნდა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ ეს მოხდა სხვა, ცალკეული ინდივიდების მხრიდან მეორე სხვა მოქალაქეების წინააღმდეგ, რაშიც სახელმწიფო ჩაერია, დასაჯა და რა თქმა უნდა, გაასამართლა ყველა დამნაშავე". - თქვა მან პარლამენტში გამოსვლისას.

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

კომენტარები