რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა კალინინგრადზე: პასუხი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ პრაქტიკულიც

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ლიტვის მიერ კალინინგრადის მიმართულებით მიმავალი ტრანზიტული მატარებლების გაშვების შეწყვეტასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ზახაროვას თქმით, რუსეთმა, როგორც ლიტვა, ისე ევროკავშირი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააფრთხილა და თუ სიტუაცია ლეგალურ ჩარჩოებს არ დაუბრუნდება, მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებები გარდაუვალი იქნება.

"რაც შეეხება საპასუხო ზომებს, ახლა უწყებათაშორის ფორმატში მუშავდება შესაძლო ზომები. როგორც ლიტვას, ასევე ევროკავშირს მოსკოვში მათი დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით უთხრეს, რომ ასეთი ქმედებები დაუშვებელია და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები უნდა შეიცვალოს და სიტუაცია დაუბრუნდეს ლეგალურ და ლეგიტიმურ ჩარჩოებს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, და ამას მოსკოვში ყველა დონეზე გაესვა ხაზი, საპასუხო ქმედებები გარდაუვალი იქნება". – თქვა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის რეაქცია არ იქნება მხოლოდ დიპლომატიური და მას პრაქტიკული ნაბიჯებიც მოჰყვება. 

"კითხვაზე, უნდა შემოიფარგლოს თუ არა რუსეთი მხოლოდ დიპლომატიური განცხადებით, პასუხია არა. პასუხი იქნება არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ პრაქტიკულიც". – თქვა ზახაროვამ.

რამდენიმე დღის წინ, კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ლიტვამ შეწყვიტა იქ იმ ტრანზიტული მატარებლების გაშვება, რომელთაც ევროკავშირის სანქციებში შესული საქონელი გადაჰქონდათ.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კალინინგრადის ოლქში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქვეყანას არანაირი ცალმხრივი შეზღუდვა არ დაუწესებია.

დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველი ზომები ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-4 პაკეტის ნაწილია. 

ლიტვის პოზიცია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც დაადასტურა. ბორელის თქმით, ლიტვა მხოლოდ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს.

რუსი სენატორები ლიტვის მიერ კალინინგრადის მიმართულებით მიმავალი ტრანზიტული მატარებლების გაშვების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმუქრებიან. კალინინგრადი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა, რომელიც მისგან მოწყვეტილია და საერთო საზღვარი არ აქვს.

ფედერაციული საბჭოს სახელმწფიო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის ხელმძღვანელის, ანდრეი კლიმოვის თქმით, ეს საკითხი ევროკავშირმა უნდა მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს თავისუფალი მოქმედების უფლება ექნება. 

კომენტარები