სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა ფაშინიანის განცხადებით ფეხბურთის ეროვნული ნაკრები 2050 წლამდე მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მოგებას გეგმავს.
პრემიერ-მინისტრმა ასევე იმ ცვლილებებზე ილაპარაკა, რომელიც UEFA-ს მხარდაჭერით სომხეთში მოხდა.
"ბოლო 3 წლის განმავლობაში სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ, UEFA-ს მხარდაჭერით ქვეყნის 7 რეგიონში 90 მცირე ზომის სტადიონი ააშენა. მათი ფუნქციონირებისთვის ორგანიზაციამ 2.5 მილიონი დოლარი გამოყო. ჯანი ინფანტინომ დღეს დაადასტურა, რომ სტადიონების რაოდენობა მომავალში 300-დე გაიზრდება. ასევე ვგეგმავთ სომხეთის ტერიტორიაზე ავაშენოთ ახალი, დიდი სტადიონი, რომელიც UEFA-ს ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს".
ამ დროისთვის სომხეთის ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში 92-ე ადგილს იკავებს. სომხეთმა საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა 1992 წელს დაიწყო, 30 წლის განმავლობაში ნაკრები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე არ მოხვედრილა.