უკრაინა-ევროკავშირი

ლეიენი: იმედია, 20 წელში, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით

REUTERS/Arnd Wiegmann

"იმედი მაქვს, 20 წელიწადში, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა კიევიდან პოლონეთში დაბრუნების შემდეგ. 

ლეიენის აზრით, მთავარი გამოწვევა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევა იქნება, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებით, "ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს". 

ლეიენმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია ბოლო წლებში უკრაინამ ბევრ სფეროში წარმატებას მიაღწია, თუმცა ქვეყანაში კიდევ არაერთი რეფორმა უნდა გატარდეს. 

"ჩვენი რეკომენდაცია ამაზე ყურადღებას გაამახვილებს". - თქვა ლეიენმა. 

დასავლური წყაროების მიხედვით, 11 მაისს ურსულა ფონ დერ ლეიენის უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის მთავარი მიზანი პრეზიდენტ ზელენსკის ვითარებაში გარკვევა და იმის ახსნა იყო, თუ როგორ შეუძლია კიევს ევროკავშირის სამიტის უარყოფითი გადაწყვეტილების თავიდან აცილება. 

ასევე, Bloomberg-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს ოფიციალურად გასცემს

ხოლო, 8 ივნისს, ევროპარლამენტის რეზოლუციით, ევროკავშირმა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 438 მომხრეთი და 68 წინააღმდეგით, მხარი დაუჭირა. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეიენმა, ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილი უკვე გადასცა. კითხვარი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადასცა მოლდოვამაც.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

კომენტარები