უკრაინა-ევროკავშირი

BLOOMBERG: ევროკომისია კიევისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 

Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს ოფიციალურად გასცემს

თუმცა, ანონიმური წყაროების ცნობით, ევროკომისია უკრაინას გარკვეულ პირობებსაც წაუყენებს, როგორიცაა კანონის უზენაესობის დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. 

Bloomberg -ის ინფორმაციით, უკრაინის ევროკავშირში სრულად გაწევრიანებას ალიანსის რამდენიმე ქვეყანა არ ეთანხმება. მათი თქმით, ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების გზა არ არსებობს. შესაბამისად, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება სახელმწიფოების დარწმუნება, რომლებიც ამჟამად ბლოკის გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. 

Bloomberg-ი წერს, რომ ევროკომისიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია, ხოლო ქვეყნის ევროკავშირში საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ.

ანონიმური წყაროების ცნობით, ამჟამად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია ნიდერლანდები, თუმცა ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის იტალია და ბალტიისპირეთის ქვეყნები, კიევს მხარდაჭერას უცხადებენ. 

ასევე, გერმანია უკრაინის ევროკავშირში სრულად გაწევრიანებამდე, გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს, ხოლო დანიის აზრით, უკრაინა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემისა და დაცვის ინსტიტუტების კრიტერიუმებს საკმარისად ვერ აკმაყოფილებს. 

აქამდე, 8 ივნისს, ევროპარლამენტის რეზოლუციით, ევროკავშირმა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 438 მომხრეთი და 68 წინააღმდეგით, მხარი დაუჭირა. 

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ევროპარლამენტარებმა დღეს, 8 ივნისს პლენალურ სხდომაზე მიიღეს. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეიენმა, ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილი უკვე გადასცა. კითხვარი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადასცა მოლდოვამაც.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

კომენტარები