რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირსაც გააძლიერებს

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არამხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროკავშირს გააძლიერებს. 

"დიდი დიპლომატიური მარათონის ფინალური ეტაპი დღეს დაიწყო და კვირა-ნახევარში დასრულდება. და ჩვენ რეალურად ამ მარათონში ევროკავშირთან ერთად ვართ - ერთ გუნდში, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ზელენსკის განმარტებით, უკრაინის ევროკავშირის მიღმა დარჩენა თავად ევროპას დააზიანებს. 

"და ევროპაში კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს - უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს?". - თქვა პრეზიდენტმა. 

გუშინ, 11 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში ვიზიტისას უთხრა, რომ ევროკავშირის აზრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომავალი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

მანამდე, Bloomberg-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს ოფიციალურად გასცემს

8 ივნისს, ევროპარლამენტის რეზოლუციით, ევროკავშირმა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 438 მომხრეთი და 68 წინააღმდეგით, მხარი დაუჭირა. 

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ევროპარლამენტარებმა დღეს, 8 ივნისს პლენარულ სხდომაზე მიიღეს. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეიენმა, ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

კომენტარები