რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე - ხერსონსა და ზაპოროჟიეში პირველი რუსული პასპორტები გაიცა. ამის შესახებ მოსკოვის ოფიციალური წარმომადგენლები იტყობინებენ.
რუსული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში 20-ზე მეტმა ადამიანმა რუსული პასპორტ მიიღო.
"დღეს პირველი პასპორტები გაიცა იმ ადამიანებზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნა გადაცხადა". - ვკითხულობლობთ რუსეთის მიერ მართული ადგილობრივი "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





