რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკიფოროვი: ბაიდენის სიტყვები ზელენსკის "მოსმენა არ სურდა" დაზუსტებას საჭიროებს

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი, სერგეი ნიკიფოროვი

უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი, სერგეი ნიკიფოროვი ჯო ბაიდენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფრაზა "ზელენსკის გაფრთხილების მოსმენა არ სურდა" დაზუსტებას საჭიროებს. 

ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებამდე პარტნიორ ქვეყნებს პრევენციული სანქციების პაკეტის შემუშავებისკენ მოუწოდა. 

"ამ მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს პარტნიორებს არ სურდათ ჩვენი მოსმენა". - თქვა ნიკიფოროვმა. 

ასევე, ნიკიფოროვმა გაიხსენა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინა დღე, როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ სანამ უკრაინის მხარდაჭერის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების საკითხებზე ლიდერები სდუმან, იქამდე დონბასში სიტუაცია ვერ ჩაწყნარდება. 

თუმცა, ნიკიფოროვი აღნიშნავს, რომ არცერთი ეს მოწოდება პარტნიორ ქვეყნებს ომის დაწყებამდე არ გაუთვალისწინებიათ. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა. 

ჯო ბაიდენმა, რომელსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რისკების გადაჭარბებული აღქმის გამო აკრიტიკებდნენ, აღნიშნა:

"[რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] საზღვარს გადაკვეთდა. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა და ზელენსკის ამის მოსმენა არ სურდა, არამხოლოდ მას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ ის შეიჭრა". - თქვა ბაიდენმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები