საქართველოს პარლამენტი

ტექინსპექტირების გავლის განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარზე მეტი იქნება

Bayram Isgandarov / newscafe.ge

ქართული ოცნების დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ 9 ივნისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილები წარადგინა, რაც ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების დარღვევისთვის ჯარიმის გამკაცრებას ითვალისწინებს. 

მოქმედი კანონმდებლობით თუ მძღოლი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართავს, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, 50 ლარით ჯარიმდება. კანონით განმეორებითობა გათვალისწინებული არ არის, თუმცა, ჯარიმა ასევე ეხება იმ იურიდიული და ფიზიკური პირების დაჯარიმებას, რომლებმაც ტექინსპექტირების გაუვლელი მანქანა სხვა პირს გადასცა. 

ახალი ინიციატივით კი, ტექინსპეტირების ჯარიმა უცვლელია, თუმცა, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა თავდაპირველ ჯარიმაზე, 50 ლარზე მაღალი იქნება. ზუსტი თანხა ჯერ უცნობია. მაია ბითაძის თქმით, ახლა ავტოტრანსპორტის მფლობელებს უღირთ, რომ ტექინსპექტირების გავლის ნაცვლად ჯარიმა გადაიხადონ. 

2022 წელს უკვე 200 803 ადამიანი დაჯარიმდა. მაია ბითიძეს განმარტებით, ჯარიმების ზრდის მაღალ ტენდენცია გადასახდელი თანხის სიმცირეა: დაჯარიმებისას გადასახდელი თანხა 50 ლარია, თავად ტექდათვალიერება - საშუალოდ 60 ლარი ღირს. 

“სტატისტიკა მზარდია, რადგან ტექინსპექტირების ტესტის გაუვლელობა მხოლოდ 50 ლარით ისჯება, მაშინ, როცა ტესტიც დაახლოებით იგივე ღირს. ხშირია თავის არიდების შემთხვევები”. - ამბობს მაია ბითაძე ტაბულასთან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს 525 ათასი ადამიანი, 2020-ში - 149 ათასი, 2019 - 226 ათასი ადამიანი ტექინსპექტირების ტესტზე უარის გამო დაჯარიმდა.

ქართული ოცნების დეპუტატის, მაია ბითაძეს განმარტებით, სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის მომზადდება დასაინიცირებელი კანონპროექტი, რომელსაც ბიუროს თანხმობის შემთვევაში საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ. 

ტექინსპექტირება 2018 წლიდანაა სავალდებულო. ტექდათვალიერების დროს ავტომობილი მოწმდება შემდეგ პარამეტრებზე: გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილები, საბურავები, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 1 081 888 მანქანა მოძრაობს, +-2.5%-იანი ცდომილებით. 

კომენტარები