საქართველო-ევროკავშირი

მიანიჭეთ უკრაინა-მოლდოვას კანდიდატობა, იმუშავეთ საქართველოზეც - ევროპარლამენტის ჯგუფები

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად არის ნახსენები.

"ამიტომ ჩვენ მტკიცედ გთხოვთ უკრაინასა და მოლდოვას, ევროპული კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყებად, მიანიჭოთ ევოკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმუშავოთ ამავე სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზეც, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად". – წერია განცხადებაში.

ამ განცხადებით ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა 9 ივნისს ევროკავშირის სახელმწიფოებს, მთავრობის ხელმძღვანელებსა და 23-24 ივნისის შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს. ეს მხარეები 23-24 ივნისს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

განცხადების ტექსტი შეცვლილია, ძველ ვარიანტში საქართველო უკრაინასა და მოლდოვისგან განცალკევებით ნახსენები არ ყოფილა. 

რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში, რომელიც განცხადების ძველი ვერსია უნდა ყოფილიყო, საქართველო უკრაინა-მოლდოვისგან გამიჯნული არ იყო. 

3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

 აქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა. 

გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე 24 ივნისს გახდება ცნობილი. 

კომენტარები