ინვესტორთა საბჭო

"თეატრალურ წარმოდგენად იქცა" – ICC პრემიერის თავმჯდომარეობით ინვესტორთა საბჭოს არ დაესწრება

საქართველოს მთავრობა

საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC) არ დაესწრება 7 ივნისს დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს. ICC-ის განმარტებით, მიზეზი უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეზიდენტობის თვითნებური გაუქმების/ჩამორთმევის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნაა. პალატის განცხადებით, ეს საკითხი უკვე წლებია ნომერ პირველი დაბრკოლებაა საქართველოში უცხოური ინვესტიციებისთვის.

"ინვესტორთა საბჭოს პრემიერმინისტრთან შეხვედრა იქცა თეატრალურ წარმოდგენად, სადაც ყველა განსახილველი საკითხი სხდომამდე წინასწარ იდგმება, მსახიობებს ეუბნებიან რა უნდა თქვან ან არ უნდა თქვან, და ყველა პრობლემური საკითხი, რომელმაც შეიძლება მთავრობა გაანაწყენოს, ამოღებულია დღის წესრიგიდან, რათა არ მოხდეს საკითხის განხილვა. წლებია, რეზიდენტობის ნებართვის საკითხი სისტემატურად წამოიჭრება ინვესტორთა საბჭოზე ICC-Georgia-ს მიერ და ყოველთვის, როცა საკითხი დგება, შეხვედრის წინ მას დღის წესრიგიდან იღებენ". – ICC-Georgia-ს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

ICC აღნიშნავს, რომ 2013 წლიდან მოყოლებული უცხოური ინვესტიციები საქართველოში სრულ სტაგნაციაშია მთავრობის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო უცხოელი ინვესტორებისადმი.

"უკვე წლებია, საქართველოში უსაფრთხოების სამსახური სისტემატურად ეუბნება უარს ბინადრობის ნებართვაზე უამრავ უცხოელ ინვესტორს, თვითნებურად აუქმებს ბინადრობის ნებართვებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მას შემდეგ რაც ეს ინვესტორები ინვესტიციებს განახორციელებენ ქვეყანაში, რამაც აიძულა ბევრი მათგანი ქვეყანა დაეტოვებინა და უარი ეთქვა საკუთარ ინვესტიციებზე. 

ამ პრაქტიკამ საქართველოს საშინელი რეპუტაცია შესძინა საერთაშორისო დონეზე და უცხოელი ინვესტორების უმეტესობა საქართველოს ახლა ინვესტიციებისთვის არასანდო და საშიშ ადგილად აღიქვამს. სანამ მთავრობა ამ პოლიტიკას არ შეცვლის, მანამ საქართველოში ცოტა უცხოური ინვესტიცია იქნება და უმუშევრობის და სიღარიბის დონე დარჩება მაღალი". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები