House of the Dragon

რა ვიცით GOT-ის პრეისტორიის, HOUSE OF THE DRAGON-ის შესახებ

Befunky

HBO მორიგი ეპიკური ფენტეზი სერიალის გამოშვებისთვის ემზადება. Game of Thrones-ის პრეისტორია, House of Dragons მიმდინარე წლის 21 აგვისტოს დაიწყება. წარმოგიდგენთ იმ მცირე ინფორმაციას, რომელიც მომავალი სერიალის შესახებ უკვე ცნობილია.

როდის ხდება სერიალის მოქმედება?

სერიალი ჯორჯ მარტინის რომანს, ცეცხლსა და სისხლს ეფუძნება. წიგნში მოქმედება სამეფო კარის თამაშების ამბებამდე 300 წლით ადრე ხდება. ამ ეპოქაში მოხდა შვიდი სამეფოს გაერთიანება, რკინის ტახტზე კი აეგონი ავიდა, ტარგარიენების სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენელი. სერიალის სიუჟეტი ტარგარიენების მმართველობის რთულ პერიოდს აღწერს, რომელიც შვიდი სამეფოს ისტორიაში დრაკონების ცეკვის სახელით შევიდა. დრაკონების ცეკვა სამოქალაქო ომია, რომელიც ტახტის პრეტენდენტებს შორის დაიწყო. ამავე ეპოქაში გადაშენდნენ დრაკონებიც.

ვინ არიან მთავარი გმირები?

ერთი თვის წინ პროექტის პირველი სრულფასოვანი ტიზერი გამოქვეყნდა.

ვიზერის I ტარგარიენი

ვიზერის I ტარგარიენების სამეფო დინასტიის რიგით მეხუთე წარმომადგენელია, რომელიც რკინის ტახტზე ავიდა. ის ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველად ეიმა არენზე, რომელთანაც ქალიშვილი, რკინის ტახტის მემკვიდრე, რეინირა ჰყავს. მოგვიანებით მეფემ მეორედ იქორწინა, ალისენტა ჰაიტაუერზე, ქორწინებიდან ვიზერისს ორი ვაჟი ეიგონი და ეიმონდი ჰყავს. სერიალში ვიზერისის როლს პედი კონსიდაინი ასრულებს.

ალისენტა ჰაიტაუერი

ვიზერისის მეორე ცოლი და მეფის მარჯვენა ხელის, სერ ოტო ჰაიტაუერის ქალიშვილი. წიგნში ალისენტე დახასიათებულია, როგორც შვიდი სამეფოს ყველაზე მიმზიდველი ქალი. ის გაიზარდა წითელ სასახლეში, მეფის უახლოეს გარემოცვაში, რის გამოც ადრეული ასაკიდან კარგად არის გათვითცნობიერებული პოლიტიკურ საკითხებში. ალისენტას როლს ოლივია კუკი ასრულებს.

რეინირა ტარგარიენი

ვიზერისის ქალიშვილი და მემკვიდრე, დრაკონების მხედარი, უნდა გახდეს შვიდი სამეფოს პირველი დედოფალი, თუმცა მეფობაზე პრეტენზიას მისი გერი ძმა, ეიგონი აცხადებს, რის გამოც შვიდ სამეფოში სამოქალაქო ომი იწყება, ისტორიაში ომი დრაკონების ცეკვის სახელით შევიდა. შვიდი სამეფოს კანონიერ მემკვიდრეს ემა დ'არსი ასახიერებს.

დეიმონ ტარგარიენი

უფლისწული, ვიზერისის უმცროსი ძმა. დრაკონების ცეკვაში მხარს უჭერს ძმისშვილ რეინირას. მას ახასიათებენ როგორც უძლეველ მეომარსა და დრაკონების მხედარს.

ოტო ჰაიტაუერი

ვიზერისის მარჯვენა ხელი, რომელიც დეიმონსა და რეინირას ებრძვის. ახასიათებენ როგორც უკიდურესად განათლებულ, მაგრამ ამავდროულად უხეშ და ძალაუფლების მოყვარულ ადამიანად. ჰაიტაუერის როლს რის აიფანსი ასრულებს.

კორლის ველარიონი

ლორდი, ზღვაოსანი და პოლიტიკოსი, დრიფტმარკის მფლობელი, რეინის ტარგარიენის ქმარი და მარჯვენა ხელი. სამეფოს მთავარ ზღვაოსანს სტივ ტუსენი ასახიერებს.

კადრს მიღმა

House of the Dragon-ის სცენარის თანაავტორი ფენტეზი მწერალი, სამეფო კარის თამაშებისა და ცეცხლისა და სისხლის ავტორი ჯორჯ რ.რ. მარტინია. სერიალის შოურანერი კი GOT-ის რეჟისორი მიგელ საპოშნიკია. საპოშნიკს სამეფო კარის თამაშების არაერთ ეპიზოდი აქვს გადაღებული, მათ შორის ბასტარდების ომი, რომელმაც რეჟისორს ემი მოუტანა. 

ახალი სერიალის კომპოზიტორი ემის მფლობელი, GOT-ის მუსიკის ავტორი რამინ ჯავადია.

 

კომენტარები