ჩეჩნეთის ლიდერმა, რაზმან კადიროვმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ "უკრაინაში სპეცოპერაციის ეფექტიანობა და სიჩქარე გაიზრდება".
"ხუთშაბათს მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სერგეი შოიგუსთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა. დადგინდა ახალი ამოცანები შემდგომი ტაქტიკის გაუმჯობესებისათვის. მიღებული ზომები გაზრდის შეტევითი მანევრების ეფექტურობას, რაც სპეცოპერაციის უფრო სწრაფად ჩატარებას შეუწყობს ხელს". - დაწერა კადიროვმა Telegram-ზე.
კადიროვის თქმით, მისი და შოიგუს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს "უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ამოცანის" გადაჭრის ეფექტურობას.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომში 2 500-მდე ჩეჩენი მებრძოლი მონაწილეობდა. Медиазона-ს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კადიროველები უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დიდ ზარალს განიცდიან, მაგრამ ამას მთავრობა მალავს. კადიროვი არც გარდაცვლილთა რეალურ მონაცემს ასაჯაროებს.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





