შვედეთი-ფინეთი-NATO

ფინეთი ჩვენი უსაფრთხოების პრობლემებს სერიოზულად არ აღიქვამს – თურქეთის პრეზიდენტის სპიკერი

Yves Herman/Pool/Reuters

თურქეთის პრეზიდენტის აპარატის სპიკერმა, ფაჰრეთინ ალტუნმა ფინურ გაზეთ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფინეთი თურქეთის უსაფრთხოების საკითხებს სერიოზულად უნდა მოეკიდოს, თუ ქვეყანას NATO-ში გაწევრიანება სურს

"პრობლემა არის არა ის, რომ ფინეთს თურქეთის არ ესმის, არამედ ის, რომ ფინეთი უარს ამბობს, სერიოზულად მოეკიდოს თურქეთის უსაფრთხოების საკითხებს". - ამბობს ალტუნი. 

ალტუნი თურქეთის პრეზიდენტის აპარატის საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველის, იბრაჰიმ კალინის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც 30 მაისს თავის ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ თურქეთი სკანდინავიის ქვეყნებს ტერორისტულ ორგანიზაციებთან მიმართებით კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. 

"საბოლოოდ, ფინეთის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელია უფრო მნიშვნელოვანი - NATO-ში გაწევრიანება, თუ ასეთი [ტერორისტული] ორგანიზაციების დაცვა". - თქვა ალტუნმა.

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანებაქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

კომენტარები