პუტინის რუსეთი

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ იური შევჩუკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ განიხილა

რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ, ДДТ-ს ფრონტმენის, იური შევჩუკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ განიხილა. ცნობილი როკ მუსიკოსის წინააღმდეგ უფის პოლიციამ საქმე "არმიის დისკრედიტაციის" მუხლით აღძრა.

18 მაისს უფაში გამართულ კონცერტზე შევჩუკმა ომი დაგმო, რის შემდეგაც ცნობილი სიმღერა Не стреляй(არ ისროლო) შეასრულა. ინტერნეტში ასევე უფას კონცერტზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აუდიტორიას ამ სიტყვებით მიმართა:

"ახლა უკრაინაში ადამიანებს კლავენ, რისთვის? ჩვენი ბიჭები იქ იღუპებიან, რისთვის? რა მიზნებისთვის? ისევ იღუპება რუსეთისა და უკრაინის ახალგაზრდობა, იღუპებიან მოხუცები, ქალები, ბავშვები გაუგებარი ნაპოლეონისეული გეგმების გამო, მორიგი ჩვენი კეისრის სახელით, სამშობლო, მეგობრებო, ეს არ არის პრეზიდენტის უკანალი, რომელსაც გამუდმებით უნდა აკოცო, სამშობლო არის უმწეო ბებია ვაგზალზე, რომელიც კარტოფილს ყიდის. აი ეს არის სამშობლო".

ქალაქ უფაში ДДТ-ს კონცერტის ორგანიზატორის, პროდიუსერ რადმირ უსაევის თქმით, პოლიციამ ბენდის ლიდერი, იური შევჩუკი ადგილზე დაკითხა.

"რამდენიმე საათის წინ უფაში ДДТ-ს კონცერტი ჩატარდა. იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, რომ უფელების უმრავლესობის საყვარელი ბენდია, ისინი ხომ "ჩვენიანები" არიან. ძალიან მაგარი კონცერტი იყო, მაგრამ ამ საღამოს უნიკალურობა სხვა რამეშია. კონცერტის დასრულებისთანავე ძალოვანები კულისებში შეიჭრნენ, იური ჯგუფისგან იზოლაციაში მოაქციეს და ერთი საათის განმავლობაში ელაპარაკებოდნენ. ლაპარაკის თემა ომი და სამშობლო იყო. მის დაპატიმრებასაც აპირებდნენ, მაგრამ ჭკუა ეყოთ და მხოლოდ ოქმი შეავსეს. შევჩუკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კაცური კაცია, დაკითხვის შემდეგ არც შიშის და დაღლილობის კვალი არ დატყობია". – წერს უსაევი.

კომენტარები