რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: მოსკოვისთვის დონბასის გათავისუფლება უპირობო პრიორიტეტია

სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოსკოვისთვის დონბასის "გათავისუფლება" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

"რუსეთის ფედერაციის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გათავისუფლება ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტია. რაც შეეხება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებს - ხალხმა თავისი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს“. - თქვა სერგეი ლავროვმა.

27 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა თავის მიწას იცავს იმდენად, რამდენადაც დღევანდელი თავდაცვის რესურსები მათ ამის საშუალებას აძლევს. 

"თუ ოკუპანტები ფიქრობენ, რომ ლიმანი და სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევებმა, შესაძლოა, ეს რეგიონი დაუსახლებელი გახადოს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის "ძალიან მძიმე თვე".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები